ბაღდათში პოლიციელის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც ბაღდათში პოლიციელს თავს დაესხა და დაჭრა.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული ა.ს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში დააკავეს.

შშს-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის ამჟამად აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

მომხდარზე გამოძიება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

17 აპრილს კაცმა ბაღდათში, სოფელ ხანში გამოძახებაზე მისულ პოლიციელს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრა.