ბაჩალიაშვილის ოჯახი დაასახელებს შსს-ს მაღალჩინოსნებს, რომლებიც დაღუპულის მამას აშანტაჟებდნენ

დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამ წუთებში ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებიან. ადვოკატი იმ მაღალჩინოსნების დასახელებას აპირებს, რომლებიც დაღუპულის მამას აშანტაჯებდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თამარის მანქანა და ცხედარი ნაპოვნი არ იყო.

ოჯახის წევრების თქმით, ეს მოხდა სამშაბათს, 22 ივლისს, აქციის დასრულების შემდეგ დაუკავშირდნენ შსს-დან და თავი წარუდგინეს საქმის გამომძიებლად და უთხრეს: “რა დროს აქციებია, როცა შენი შვილი შარშია”. ასევე ისინი მოუწოდებდნენ რომ აქციები შეეწყვიტათ და სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას ჰპირდებოდნენ.

მიხეილ რამიშვილის თქმით, ეს ადამიანები პოლიციის მაღალჩინოსნები არიან.

თამარ ბაჩალიაშვილი კი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.