23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამ წუთებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მამუკა ჭელიძეს ხვდებიან.
როგორც ადვოკამტა უწყებაში შეხვედრამდე განაცხადა, მათ კითხვები ექნებათ საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე.
„მთავარი ინტერესი და კითხვები იქნება, რა ქმედებებს და საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებენ, როდის იქნება მოწოდებული ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სატელეფონო ზარები, როდის და ვისთან იყო განხორციელებული, სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით. პოზიციები გვაინტერესებს, როგორ ვითანამშრომლებთ და რა ინფორმაცია ექნება ოჯახს და კითხვის ნიშნებზე რა პასუხები ექნება კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და ხელმძღვანელობას“, – განაცხადა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხელ რამიშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.