ბაჩალიაშვილის ფეისბუქ პროფილის გაქრობამდე პროფილის ფოტო შეცვლილი იყო – ზეგ-ის დირექტორი

კომპანია ზეგ-ის დირექტორი, თამარ კობერიძე მთავარ არხთან ინტერვიუში ყვება, რომ მაშინ, როდესაც გამოკითხვაზე იმყოფებოდა და უნდოდა თამარ ბაჩალიაშვილთან მიმოწერის ამოღება, თამარის ფეისბუქ პროფილი გაქრა. მისი თქმით, მან ნახა, რომ ბაჩალიაშვილის პირადი გვერდი პერსონალურ ბლოგად იყო გადაკეთებული, ხოლო მისი პროფილის ფოტო შეცვლილი იყო.

“ჩვენი ერთერთი პოზიტიური საუბარი ფეისბუქზე მინდოდა, რომ ამოეღო გამოძიებას. რომ შევედით სანახავად, გამქრალი იყო მისი ფეისბუქი და Personal Blog-ი ეწერა, ასევე, მისი პროფილის ფოტო იყო შეცვლილი რამდენიმე საათით ადრე. შემდგომ საერთოდ გაქრა და უბრალოდ შევძელით, მესიჯები დაგვენახა”, – ამბობს კობერიძე.

ბაჩალიაშვილის Facebook-ანგარიში 28 ივლისს წაიშალა. პროკურატურის განცხადებით, იმავე დღეს, Facebook-ის სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართეს განმარტებისთვის – რა შეიძლებოდა, გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი.

“Facebook-მა განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის მონაცემს კომპანიის ადმინისტრაცია არ შლის, არამედ ადებს „ხსოვნის“ წარწერას. ის თუ ვინ წაშალა (ან საჯაროდ ხელმიუწვდომელი გახადა) მომხმარებელი, ამის შესახებ ინფორმაციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიიღებდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები”,– განაცხადა პროკურატურამ.

ცნობისთვის, შსს–მ გამაოქვეყნა ბაჩალიაშვილის ბრაუზერის ისტორია, სადაც ჩანს, რომ თამარი 17 ივლისს არკვევდა, რა მოუვიდოდა მის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში.

“ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური – What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს – რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death – რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ”,– აცხადებს შსს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.