ბაჩანა ლობჟანიძემ, რომელიც ამტკიცებს, რომ ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, “მთავარ არხს” მასთან ერთად გადაღებული ვიდეომასალა გადასცა. ვიდეო გადაცემაში “დღის სტუმარი” გასაჯაროვდა.
მანამდე კი, გადაცემაში “დღის სტუმარი” ბაჩანა ლობჟანიძემ არ გამორიცხა, რომ კომპანია ZAG, სადაც 23 წლის პროგრამისტი მუშაობდა, პორნოინდუსტრიასთანაა დაკავშირებული.
მის ამ ბრალდებებს “მთავარი არხის” ეთერშივე უპასუხა კომპანია ZAG-ის ადვოკატმა და თქვა, რომ კომპანია ქართულ მენტალიტეტთან შეუთავსებელ საქმიანობას არ ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ბაჩანა ლობჟანიძე უკვე ოთხჯერ დაკითხეს. მისივე თქმით, ის ალტერნატიულ გამოძიებას დამოუკიდებლად აწარმოებს და საქმეში FBI-ს ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს, რის გამოც ბაჩალიაშვილების ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლობჟანიძე სულაც არ იყო დაღუპულის ახლო მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია “ZAG”-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.