ბაჩო ახალაიას ცოლი სუს-ში დაიბარეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ის Facebook-ზე ავრცელებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რას უკავშირდება ანა ნადირაძის სუს-ში დაბარება.

ამასთანავე, დღეს შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ბაჩო ახალაია. საქმე 4 ოქტომბრის აქციის ღამეს,  პროპაგანდისტული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, სადაც  ტელეკომპანია “იმედის” მტკიცებით, პაატა ბურჭულაძისა და მისი საუბარია ჩაწერილი. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

გამოკითხვაზე შესვლამდე მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ჩანაწერი ფალსიფიცირებულია და აღნიშნა, რომ “არა თუ სიტყვა, არამედ ბგერაც კი არ არის მისი”.

ბაჩო ახალაია აღნიშნავს, რომ პაატა ბურჭულაძე ოჯახის ახლობელია და  კომუნიკაცია, შეხვედრა დაახლოებით 1 თვის წინ ჰქონდა. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას,  ახალაიას თქმით, ზოდელავა მისი მეზობელია და შესაბამისად, ხშირად ნახულობდა.