ბახმაროში კოტეჯის უკანონოდ მშენებლობის გამო 2 პირი დააკავეს

კურორტ ბახმაროში დიდი ოდენობით თაღლითობისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეს კურორტზე კოტეჯის უკანონოდ აშენებას დაჰპირდა, რისთვისაც გარკვეული თანხა გამოართვა. ბრალდებული ააიპ კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილესთან მივიდა და თანხის სანაცვლოდ, მშენებლობის მფარველობა შესთავაზა. ააიპ კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ აღნიშნულზე უარი თქვა, თუმცა შემთხვევის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

გამოძიება სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის პირველი ნაწილიც მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ, ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს 11 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7 000 აშშ დოლარის წინასა გადაცემა.

მისი დაპირებით, თანხის გადაცემის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც, როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა. 2025 წლის 6 ნოემბერს მოთხოვნის შესაბამისად, მოქალაქემ მოთხოვნილი 11 000 დოლარიდან, ბრალდებულს წინასწარ გადასცა 7 000 დოლარი.

თანხის გადაცემის შემდეგ, ბრალდებული შეხვდა ააიპ კურორტ ბახმაროს ბრალდებულის მოადგილეს, რომელიც საქმის კურსში იყო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მას შესთავაზა კურორტის ტერიტორიაზევე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, თანხის ნაწილის  გადაცემა, თუმცა ააიპ კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება.

მიზეზად კი ბრალდებულს ახალი ხელმძღვანელობა, მუნიციპალიტეტის ახალი მერი და მისი მოადგილეები დაუსახელა. მასთან დაშორების შემდეგ ააიპ კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.