ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველმა “ღამის კურიერის” ეთერში ოჯახური ძალადობის საქმეზე ისაუბრა.
ანა აბაშიძემ კომენტარი გააკეთა ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის მიერ გაკეთებულ შედარებაზე, რომ ბასილაშვილი ამ საქმეში “წყაროს წყალივით წმინდაა.“ აბაშიძის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ბასილაშვილი სისტემატურად ძალადობდა:
“ანკარა წყალივითააო, საქართველოში წყალს როგორი ხარისხი აქვს კი ვიცით, ასეთი ხარისხი აქვს ამ საქმესაც, საკმაოდ დაბინძურებულია. გულწრფელად გეუბნებით ყველას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ენაზე იკბენს, ადრე თუ გვიან ყველა მტკიცებულება გახდება ცნობილი, პირველ რიგში სასამართლოსთვის, სასამართლოს მონიტორინგს გავაკეთებთ ჩვენ და იმედი მაქვს სახალხო დამცველიც და თუ ვინმეს რაღაცა ეჭვი მაინც აქვს დღეს, რომ პროვოკატორია ადამიანი, ის ნახავს ვიდეოკადრებს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, სადაც ბატონი ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს, ასეთი ვიდეოკადრები არსებობს,” – განაცხადა ანა აბაშიძემ.
მისი თქმით, ეს კადრები აჩვენებს იმას, რომ ბასილაშვილი არა ერთხელ, არამედ სისტემატურად ძალადობდა. მისი თქმით, ასევე არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ანგრევს მითს ნიკოლოზ ბასილაშვილის სიმშვიდეზე და გაწონასწორებულობაზე.