ძალიან ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს, მეტის წარმოება შეგვიძლია ქვეყანაში – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სექტორში მომდევნო წლებში 7 მილიარდი ლარის ინვესტიცირება განხორციელდება.

“მე აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს. ამის გარდა, კერძო სექტორის მხრიდან დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა ამ სექტორში. ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს”,– ამბობს „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე.

ღარიბაშვილის განცხადებით, იმპორტის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა ქვეყანას მეტის წარმოება შეუძლია.

“ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მეტად თვით უზრუნველყოფილი გახდეს ჩვენი ქვეყანა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს. ჩვენ არ ვართ, იმპორტის წინააღმდეგი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მეტის წარმოება ქვეყანაში და სწორედ ამ მიზნით ჩვენ წარმოგიდგენთ იმ პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას, მეტ ინკლუზიურობას”,– თქვა პრემიერმა.