საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურება და მომხდარზე შეშფოთებას გამოხატავს, ამასთანავე ბელარუსს მოუწოდებს, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ალექსანდრ ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ კი აფხაზეთის რეგიონში ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე. სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს”, – წერია განცხადებაში.