“ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო” – ამის შესახებ ინფორმაციას, პარტია “ლელოს” დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ავრცელებს. ამასთანავე სამადაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
“მსურს ვისაუბრო, გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღო ბელგიამ და რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს. ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელიც ითლება უსაფრთხო ქვეყნებად ევროკავშირში. ეს გადაწყვეტილება მიიღო ბელგიამ იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას, ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას და, შესაბამისად, ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მათთვის შესაბამისი მიმართვის შედეგად მოხდეს გამარტივებული პროცედურით, როგორც მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც მათ საკუთარი ხელისუფლება ვერ იცავს.
რატომ არის საგანგაშო ეს გადაწყვეტილება, მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მათ შორის, პირველ რიგში, გამოწვევა, რომელსაც წარმოადგენს გადაწყვეტილება უკავშირდება უვიზო მიმოსვლას ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის. იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. მრავალწლიანი შრომის შედეგად მიღებული შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სწორედ ითვლებოდეს უსაფრთხო ქვეყანად ევროკავშირის ქვეყნებს შორის.
როდესაც ბელგია იღებს მსგავს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ საქართველო არ არის მისი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო ქვეყანა, საფრთხე არსებობს ძალიან სერიოზული, რომ ბელგიას თან მიჰყვეს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებაც და არც ისაა გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანმა დღის წესრიგში დააყენოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამუშავების საკითხი. ჩვენი ქვეყნის რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოშორდეს ევროპულ ორბიტას და ევროპულ სივრცეს,”- განაცხადა სამადაშვილმა.