რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, რუსული „ილ-76“ -ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე შავი ყუთები იპოვეს, ისინი კარგ მდგომარეობაშია, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ორივე შავი ყუთი აღმოაჩინეს – ფრენის პარამეტრების სარეგისტრაციო მოწყობილობა და ხმის ჩამწერი“, – განაცხადა წყარომ რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში.
ცნობისთვის, გუშინ ბელგოროდის ოლქში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ბელგოროდის რაიონში ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე ჩამოვარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ილ-76–ის ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ბელგოროდის რეგიონში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ, თვითმფრინავის ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი.
უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ „ეს მათი ნახელავია“. ეს ციტატა გამოაქვეყნეს Ukrayinska Pravda-მ და RBC-Ukraine-მა. წყაროს ცნობით, ჩამოვარდნილ ილ-76-ს არ გადაჰყავდა პატიმრები, არამედ დიდი ალბათობით გადაჰქონდა რაკეტები S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.
მოგვიანებით, უკრაინსკა პრავდამ დაარედაქტირა ახალი ამბები, და ამოიღო სიტყვები უკრაინელი სამხედროების “ნახელავის” შესახებ.
ბელგოროდის გუბერნატორმა, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინების გარეშე, მანამდე ტელეგრამის არხზე დაწერა: ”ინციდენტი კოროჩანსკის რაიონში. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. სამუშაო განრიგი შევცვალე და რაიონში წავედი. ყველა დეტალი მოგვიანებით.”
ილ–76 სოფელ იაბლონევოდან ხუთ-ექვს კილომეტრში დაეცა, ადგილზე ნგრევა არ მომხდარა, განუცხადა TASS-ს ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელმა.
იყვნენ თუ არა მართლაც ბორტზე უკრაინელი ტყვეები, ამის შესახებ მედიას გასხვავებული ვერსიები აქვს.
არაფერია უცნაური იმაში, რომ ავიაცია გამოიყენება გაცვლის განსახორციელებლად.
ტყვეთა გაცვლის კადრებში ჩვეულებრივ ვხედავთ, რომ პატიმრები შეხვედრის ადგილზე ავტობუსით გადაჰყავთ. მაგრამ პატიმრები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნის შემდეგ თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე დაკავების ადგილებში იყვნენ გადაყვანილი, მაშინ ისინი როგორმე უნდა მიუახლოვდნენ საზღვარს და სავსებით შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს პირის დაუყოვნებლივ გადაყვანა ტიუმენიდან ბელგოროდში, ხარკოვის რეგიონის საზღვართან.
აქამდე გაცვლილი უკრაინელი ჯარისკაცების ნათესავებთან ინტერვიუებში არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ თვითმფრინავები გამოიყენებოდა პატიმრების გაცვლის ადგილზე გადასაყვანად. და ამისთვის ძირითადად ილ–76 გამოიყენებოდა.