პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე ბელორუსი აქტივისტის დაკავების ფაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ მათ საქართველოს რეპუტაცია გაანიავეს.
“ზალკალიანის კანტორამ იფიქრა, იფიქრა და ბოლოს Ryanair-ის განცხადება გადმოწერა. დიპლომატიის სახელმძღვანელოებში შესატანი ამბავია, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ თქვა სიბრიყვე, გამოჩნდე უპრინციპო და დააზიანო სახელმწიფო ინტერესები.
ამ განცხადებით ბელორუსიც გაანაწყენეს და საქართველოს რეპუტაციაც გაანიავეს. კიდევ ერთხელ. მართლა რას კითხულობდნენ, სად ისწავლეს, რა ისწავლეს”,– წერს გია ჯაფარიძე.
ცნობისთვის, გუშინ, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში დაჯდა. ბელარუსმა თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრა, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო, რის შემდეგაც ბელარუსმა მათ უბრძანა, თვითმფრინავი უახლოეს აეროპორტში დაესვათ.
თვითმფრინავის მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის აქტივისტი და ჟურნალისტი, Nexta-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ შემთხვევაზე განცხადება გაავრცელა, თუმცა დაკავებულ ჟურნალისტზე და მომხდარ ინციდენტზე არც ერთი სიტყვა არ ახსენა.
“მივესალმებით Ryanair-ის თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაფრენას თავდაპირველ დანიშნულების ადგილას, ვილნიუსში, ლიეტუვაში. მოხარული ვართ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანების გამო. ყველა მგზავრმა უნდა ისარგებლოს უსაფრთხო მგზავრობის უფლებით. მათი იძულებითი დაკავება სრულიად მიუღებელია”,– განაცხადა სამინისტრომ.