„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს პარტიის გარშემო საბჭოს შექმნის იდეაზე მუშაობა, რომლის თავმჯდომარეც პატიმრობაში მყოფი, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იქნება.
“მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მოლაპარაკებები იდეაზე, რომელიც გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის გარშემო შეიქმნას საბჭო, პლატფორმა, რომელიც მოგვცეს საშუალებას, ერთის მხრივ, მობილიზაცია მოვახდინოთ ყველა იმ სუბიექტის, სამოქალაქო აქტივისტის, პოლიტიკური ლიდერის თუ ა.შ. იმ ადამიანის, ვინც ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანდება და ამ საბჭოს შემადგენლობაში მიიღებს მონაწილეობას. ამ საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი და ეს იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი. დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ამ საკითხის განხილვა არ მომხდარა, ვინაიდან ჯერ მოლაპარაკების და დამუშავების სტადიაზეა ეს თემა, ბუნებრივია, როგორც კი გამოიკვეთება კონტურები შესაძლო შეთანხმების მიღწევის, ბუნებრივია, ეს საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილება და დამტკიცდება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.