ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ფეისბუქზე ბერა ივანიშვილს იცავს და მედიას აკრიტიკებს. კონკრეტულად კი სავარაუდოდ მთავარ არხს, რომელზე გასული სიუჟეტის მიხედვით ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული საქმის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გამოძიება შესაძლოა შეფერხდეს და ამის მიზეზი ბერა ივანიშვილთან საქმის ფიგურანტების ახლობლობა გახდეს. მათიკაშვილის აზრით ეს ნაც–კლასტერის უსინდისო ტყუილია:
“ნაც-კლასტერის და მათი რუპორების უსინდისობას საზღვარი აღარ აქვს!!! ადამიანის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება მათი ცხოვრების წესია. დღევანდელი ამბავი არაა ეს, მათი შექმნის დღიდან სიბოროტეს და ცილისწამებას აფრქვევენ კრიმინალი პოლიტიკოსები და მათი მავნებელი “სამეტყველო აპარატები”.
ბერა ივანიშვილი დღეს მტერია მათი, “მტრობა” წესიერებით და გამორჩეული ადამიანობით დაიმსახურა, და კიდევ იმით რომ ნაც ხროვის დამარცხებაში მამას და მთელ ქართველ ხალხს გვერდით ედგა 2012 წელს! ბერა, საამაყო შვილია საამაყო მამის, აი ამას ვერ იტანენ ეშმაკისეული პოლიტიკანები და პოლიტიკურად “მეძავი” ვაი ჟურნალისტები!
გრცხვენოდეთ და მშვიდად დაელოდეთ თქვენს პოლიტიკურ აღსასრულს! არც ისე შორსაა 31 ოქტომბერი!!!!!“– წერს დეპუტატი მათიკაშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, მთავარი არხის ინფორმაციით, არსებობს საეჭვო გაარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში გავლენიანი მფარველები გამოძიების მიმართულების შეცვლას ცდილობენ
მთავარ არხზე გასული სიუჟეტის მიხედვით ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებულ ე.წ. ნახალოვკის სპორტსმენების დაჯგუფებას ხელმძღვანელობს კანონიერი ქურდის, კაკო ბილანიშვილის ვაჟი, ავთო ბილანიშვილი. აღნიშნული პირი აკონტროლებს ნაძალადევის რაიონს და “ქართული ოცნების” მიერ საარჩევნოდ ქუჩის კონტროლი ამ უბანში სწორედ ბილანიშვილის მეშვეობით ხორციელდება. თუმცა, ბილანიშვილის მიერ კონტროლირებადი დანაშულებრივი დაჯგუფების პოლიციის მხრიდან იგნორირებისა და ხელის დაფარების მიზეზი არა მხოლოდ მის “ქართულ ოცნებასთან” კავშირებია.
მთავარი არხის ინფორმაციით, ავთო ბილანიშვილი არის ბერა ივანიშვილის ყველაზე ახლო მეგობარი, ბერა მისი ბავშვის ნათლიაა და სოციალურ ქსელში არის მათი ახლო კავშირების დამადასტურებელი არაერთი ფოტო. მთავარი არხისთვის ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, იმყოფებოდა თუ არა ბილანიშვილი დანაშაულის ადგილზე ან გასცა თუ არა განკარგულება, ამ მისი დაჯგუფების მცხეთაში გაგზავნასთან დაკავშირებით. თუმცა, არხის წყაროების ცნობით, სწორედ ბილანიშვილს და მის გავლენიან მფარველს, ბერა ივანიშვილს უკავშირდება ის გარემოება, რომ აღნიშნულ საქმეზე პოლიციას არავითარი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ვიდრე ცნობილი არ გახდა, რომ ინფორმაციამ გაჟონა და იძულებული არ გახდა დაეკავებინა სპროტსმენები, მხოლოდ ამ ეტაპზე შაქარაშვილის მკვლელობის ან სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდების გარეშე, რაც საეჭვოს ხდის, დაკავებული პირები რეალურად მძიმე სასჯელის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ.