“ალან ბერსეს დასკვნითი პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ქართული ოცნების მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს.” – საქართველოს პოლიტიკური პარტიები და კოალიციები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს ბრიფინგს ეხმაურებიან.
“ალან ბერსეს დასკვნითი პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ქართული ოცნების მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს.
ამ უკიდურეს ვითარებაში, სრულიად მიუღებელი და უადგილოა საუბარი ე.წ. რუსულ კანონში რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილებების გატარების და მისი “გაკეთილშობილების” მცდელობაზე ან ამ მიზნით არალეგიტიმური პარლამენტისა და მთავრობის პირობებში, რაიმე ტიპის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. აღნიშნული კანონი, ისევე როგორც ქართული ოცნების მიერ მიღებული სხვა ანტი-დემოკრატიული და ანტი-ევროპული საკანონმდებლო ცვლილებები არანაირ კორექტირებას არ ექვემდებარება და ისინი უბრალოდ უნდა გაუქმდეს ხელისუფლების ცვლილებისთანავე.
აღნიშნულ საკითხებზე საკმაოდ დეტალურად მიიღო განმარტებები ბატონმა გენერალურმა მდივანმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრების ფარგლებში. ამის მიუხედავად, მან გააჟღერა სრულიად უკონტექსტო და უპასუხისმგებლო გზავნილები, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიები და კოალიციები, გამოვხატავთ ჩვენს ღრმა პატივისცემას ევროსაბჭოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, სრულად ვიზიარებთ მის ფუნდამენტურ ღირებულებებს, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საბჭოს ინსტიტუტებთან ამ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის მიზნით, მათ შორის ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევის პროცესში. ეს უნდა დაეფუძნოს უკანონოდ დაკავებული პირების უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარების გარანტიებს სამართლიან და კონკურენტულ გარემოში.
მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს განსახილველად დააყენოს საქართველოში ალან ბერსეს ვიზიტისას მისი მოქმედებების კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი იანვარში გასამართ საჯარო დებატებზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
კოალიცია ცვლილებებისთვის,
კოალიცია ძლიერი საქართველო,
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა,
გახარია საქართველოსთვის.