ბერძენიშვილი: შევლენ ნაცები პარლამენტში, ასე არ უნდა დაემუხტათ აქტივისტები

დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევა, რასაც პარტიის გავლენიანი წევრები ვერ დაბლოკავენ.

“შევა ენმ პარლამენტში. მგონი, ჩემს მიერ აქვე პროგნოზირებად ერთთვიან ვადაშიც კი ჩავეტევი. მაისში ნაციონალები პარლამენტში იქნებიან და სწორადაც მოიქცევიან ამჯერად. ვერც გია ბარამიძე და ვერც მასზე უფრო გავლენიანი ვინმე ვერ დაბლოკავს ნაციონალების პარლამენტში მუშაობას. მიშელის დახმარებით პატარა პარტიების მიერ ქართული პოლიტიკის დღის წესრიგი უკვე განსაზღვრულია. ნაციონალი დეპუტატები ამას უკვე საჯაროდ აღიარებენ, როგორც მოცემულობას, რომ პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის. მივესალმები მათ ადეკვატურობას, რომ არ გაჯიუტდნენ შეცდომაში”,– წერს ბერძენიშვილი Facebook–ზე.

მისივე თქმით, “მსხვერპლის მდგომარეობაში” თავის ჩაყენება და მტრის ძებნა სხვა ოპოზიციურ პარტიებში, სისუსტის უნებური გამოვლინებაა.

“შევლენ ნაცები პარლამენტში, ყველა ან თითქმის ყველა მანდატიანი. თვითმმართველობის ბოიკოტის მომწოდებელიც თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების მოიმედედ გადაიქცა ზოგი და ზოგი აწი მიბაძავს. არ უნდა დაემუხტათ ასე საკუთარი აქტივისტები, “კუდიანებზე ნადირობა” რომ გამოაცხადეს. ვინც შევა (თუნდაც მთელი დასავლეთის დახმარებით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღების მერე), მოღალატეაო, ჯინი ბოთლიდან ამოუშვეს…”,–აცხადებს ბერძენიშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ გიგა ბოკერია და ნინო ბურჯანაძე “სუსტ და ღიმილისმომგვრელ, გაძვალტყავებულ, პოლიტიკურად გაკოტრებულ წაკბენებს გააგრძელებენ”, ამჟამად სამიზნე კი ენმ იქნება.

“მესმის, რომ სტრატეგიული და ტაქტიკური შეცდომების კასკადი მოუვიდა გიგა ბოკერიას და მისიანებს. შეცდომა ადამიანურია, შეცდომაში გაჯიუტება კი ცუდია. არც პირველ ტურში მაჟორიტარული ოლქების მოგების ყალბი ილუზია იყო კვალიფიციური პოლიტიკა (ეს სულაც არ ეხება მარტო ევსაქებს). არავის მოუგია პირველ ტურში, არც ნიკა მელიას.

მეორე ტურის ტაქტიკა იყო სწორი. ასე იქნება მერობაზეც. ყოველთვის არსებობს მესამე და ა. შ. კანდიდატები, რომლებიც გამორიცხავენ ფაქტიურად ოპოზიციონერის გამარჯვებას პირველ ტურში. მაინც წინ გვაქვს ამ ელემენტარულ მოცემულობაზე კამათი… რიცხვები, ფაქტები ამას ადასტურებს. და მაინც იქნება ბევრი, ვინც დაიჩემებს იგივეს… ფაქტებს ეწინააღმდეგება? მით უარესი ფაქტებისთვისო, შეიძლება ერთი- ორმა წიგნიერმა გვითხრას კიდეც”,– წერს დავით ბერძენიშვილი Facebook-ზე.