ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის.

“საჯარო პოლიტიკასა და პოლიტიკურ საქმიანობაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, ახალი წლის დადგომასთან ერთად, უკვე საჯაროდაც ვხურავ ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპს და საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში ვგეგმავ. მადლიერი ვარ იმ უდიდესი გამოცდილებისთვის, პასუხისმგებლობისა და ნდობისთვის, რაც საქართველოს საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში საქმიანობას ახლდა თან. განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამის შესაძლებლობა მომცა ან/და მხარდაჭერა მაგრძნობინა. ამ წლებმა მასწავლა იმაზე მეტი, ვიდრე წარმომედგინა – ქვეყანაზე, ხალხსა და საკუთარ თავზე.

ჩემი პროფესიული ფოკუსი უკვე კერძო სექტორზეა: ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, ფინანსები და ეკონომიკა. მჯერა, რომ გრძელვადიანი და მდგრადი ცვლილებები ასევე მოდის ძლიერი კომპანიების მშენებლობით და იმ სექტორების ხელშეწყობით, რომლებსაც ეკონომიკური განვითარება მოაქვთ. ეს არ ნიშნავს საჯარო ინტერესებზე უარის თქმას – ეს ღირებულება კვლავ რჩება ჩემი საქმიანობის ქვაკუთხედად, ყოველთვის და ყველგან ვიბრძოლებ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებისთვის.

მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც ამ გზაზე მოვდიოდი. წინ ახალი ეტაპია”, – წერს ლილუაშვილი.