ბიბლიოთეკაში დენი გათიშული იყო, სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო – სააკაშვილი ხანძარზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარს ეხმიანება და ამბობს, რომ ხანძარი მაშინ გაჩნდა, როცა ქუჩაში ხალხი იყო, ხოლო ბიბლიოთეკაში დენი გათიშული იყო.

ის იმედს გამოთქვამს, რომ ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული.

,,დღეს დილით, როდესაც ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო და ხალხი დღესასწაულს აღნიშნავს, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო.

“სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა” ბოლო ხანებში ძალიან აქტიურია ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების კუთხით და ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში და
რა თქმა უნდა, აღიზიანებს ქვეყნის “მფლობელებს”! იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ აუცილებლად დავადგენთ რა მოხდა ზუსტად”,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ცეცხლი 15 კვადრატულ მეტრზე საოფისე ინვენტარს ეკიდა, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხევევის შედეგად არავინ დაშავებულა.