ბინიდან დამქირავებლის გამოსახლება გამარტივდება და ქირის გადაუხდელობისას გამოსახლება სასამართლოს გარეშე გახდება შესაძლებელი – შესაბამის ცვლილებებზე, იუსტიციის სამინისტრო უკვე მუშაობს. როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ქირით შესული ადამიანების გამოსახლების პრობლემა დიდია.
რატი ბრეგაძემ ასევე განაცხადა, რომ სასამართლო განხილვები, რომლებიც ბინიდან დამქირავებლის გამოსასახლებლად იმართება, რამდენიმე თვე გრძელდება და ამ დროის განმავლობაში მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია. მინისტრის თქმით, ამ პროცესს გაამარტივებენ.
- „ხშირია შემთხვევა, როდესაც გააქირავა ბინა ადამიანმა და მოქირავნე აღარ გამოდის. რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. როდესაც მესაკუთრეს აქვს ბინა, მას არც ფულს უხდიან ქირაში, არც იქიდან გამოდიან, ეს არის პრობლემა, რომელიც უკავშირდება საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას. კი ბატონო, შემდგომში იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც შეიძლება ერთ წელიწადსაც გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს შეზღუდული აქვს საკუთრების უფლება, რაც ყოვლად დაუშვებელია“, – ამის შესახებ ბრეგაძემ, პარლამენტში ისაუბრა სადაც მას “მინისტრის საათის” ფარგლებში უსმენენ.
რატი ბრეგაძის თქმით, მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა, ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას და არ გადაიხდის თანხას, მის გამოსახლებას განახორციელებს აღსრულების ბიურო და ამ შემთხვევაში დაცული იქნება მესაკუთრის უფლებები. ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე იქნებიან მხარეები წინასწარ შეთანხმებულები
შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენენ.