ბირთვული იარაღის გამოყენება კატასტროფა იქნება რუსეთისთვის და პირადად პუტინისთვის–ვიქტორია ნულანდი

აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება კატასტროფული იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თავად რუსეთისთვის და პირადად ვლადიმერ პუტინისთვის.

რუსეთის პრეზიდენტი გასცემდა ბრძანებებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე უამრავი სამხედრო დანაშაული ჩაედინათ, და არ არის გამორიცხული, რომ კრემლმა ბირთვული იარაღიც გამოიყენოს. ამის შესახებ აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ახლა ვერავინ გამორიცხავს უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას და დაინტერესდა, აანალიზებს თუ არა ვაშინგტონი მსგავს სცენარს.

ნულანდის თქმით, პუტინი უკვე გასცემდა სამხედრო დანაშაულების ჩადენის ბრძანებებს უკრაინის ტერიტორიაზე, ამიტომაც კიევი და მისი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ რუსეთის არმია მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს.

“ახლა ჩვენ – არა მხოლოდ აშშ, არამედ ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის სხვა წარმომადგენლები – ძალიან მკაფიოდ ვაწვდით სიგნალს პუტინს იმის შესახებ, რომ ეს ნაბიჯი კატასტროფული იქნება არა მხოლოდ უკრაინისა და მსოფლიოსთვის, არამედ კატასტროფული შედეგები ექნება თავად პუტინისთვის და რუსეთისთვის. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ასეთი კატასტროფული სცენარის შემთხვევაში ჩვენ უკრაინას მარტოს არ დავტოვებთ.“– ამბობობს ნულანდი.

ის ხაზს უსვამს, რომ პუტინს მოუწევს პასუხი აგოს სამხედრო დანაშაულზე უკრაინის ტერიტორიაზე, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება კი სიტუაციას სხვა დონეზე გადაიყვანს. ნულანდი ამტკიცებს, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთმა საკუთარ თავზე იგრძნოს ასეთი იარაღის გამოყენების მძიმე შედეგები.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რა ელის რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ნულადმა უპასუხა:

“ვთვლი, რომ ასეთ პირობებში ჯობს დეტალებისგან თავი შევივკავოთ. შემიძლია მხოლოდ დაგარწმუნოთ: იმ მაღალ დანაკარგებთან და იმ მაღალ ფასთან შედარებით, რომელსაც რუსეთი ახლანდელი აგრესიისთვის იხდის, ასეთ შემთხვევაში პუტინს უბრალოდ ასტრონომიული ფასის გადახდა მოუწევს. “