საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე 3 მილიონ აშშ დოლარად ბირთვული მასალა ურანის და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმის შეძენას ცდილობდა. ბრალდებულები შემდგომ ბირთვული მასალის და რადიოაქტიური ნივთიერების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას გეგმავდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ორივე ბრალდებული ხსენებული ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობისას დააკავეს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით.















