ამერიკის პოლიციამ განაცხადა, რომ ვაშინგტონის შტატის მაცხოვრებლის ავტოფარეხში იპოვეს დაჟანგული რაკეტა, რომელიც ცივი ომის დროს იყო წარმოებული და ბირთვული იარაღის მატარებელი უნდა ყოფილიყო.
თუმცა რაკეტას არ წარმოადგენდა საფრთხეს, რადგან არც საწვავი ჰქონდა და არც ქობინი. პოლიციამ უჩვეულო აღმოჩენა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოჰაიოში მდებარე შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ეროვნული მუზეუმიდან ზარი მიიღო. მუზეუმის თანამშრომლებმა თქვეს, რომ ვაშინგტონის შტატში, ბელვიუს მცხოვრებმა მათ რაკეტის გადაცემა შესთავაზა, რომელიც მის ავტოფარეხში იყო.
ოთხშაბათს ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, პოლიციამ ბომბის გამანადგურებელი ჯგუფი გაგზავნა საჭირო მისამართზე. პოლიციამ განაცხადა, რომ ავტოფარეხში იპოვეს “Douglas AIR-2 Genie (ადრე ცნობილი როგორც MB-1) რაკეტა, უმართავი ჰაერი-ჰაერი რაკეტა, რომელსაც ჰქონდა 1.5 კილოტონიანი W25 ბირთვული ქობინი. თუმცა, თავად ქობინი, ისევე როგორც საწვავი, რაკეტაში არ იყო.
ბელვიუს პოლიციის სპიკერმა სეტ ტაილერმა განაცხადა, რომ ნაპოვნი მოწყობილობა “არსებითად სარაკეტო საწვავის ავზი იყო”. ”სინამდვილეში, ჩვენი ასაფეთქებელი მოწყობილობების რაზმის ერთ-ერთმა წევრმა იკითხა, საერთოდ რატომ იყო საჭირო პრესრელიზის გავრცელება ჟანგიანი რკინის ნაჭერის შესახებ”, – თქვა ტაილერმა.
ცნობილია, რომ მამაკაცი, რომელმაც მუზეუმს რაკეტის გადაცემა შესთავაზა, არ ელოდა პოლიციის ვიზიტს და “უკიდურესად უკმაყოფილო” იყო იმით, რომ ამ ამბავმა ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო.
ტაილერი ამბობს, რომ ეროვნული საჰაერო ძალების მუზეუმის თანამშრომლებს არ უთქვამთ, რომ პოლიციას იძახებდნენ. ”მან მოგვცა საშუალება, ჩაგვეტარებინა შემოწმება და ჩვენ დავადგინეთ, რომ საფრთხე არ არსებობდა”, – განმარტა პოლიციის წარმომადგენელმა. რაკეტის მფლობელი ამბობს, რომ ის ადრე მის გარდაცვლილ მეზობელს ეკუთვნოდა და თავდაპირველად კერძო კოლექციის გაყიდვისას იქნა შეძენილი. „რადგან ნივთი არ იყო საშიში და სამხედროებმა არ მოითხოვეს მისი დაბრუნება, პოლიციამ ის ადგილობრივ მცხოვრებს დაუტოვა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მისი აღდგენა და მუზეუმში გამოფენა“, – თქვა პოლიციამ.
AIR-2 Genie რაკეტა გამოიყენებოდა აშშ-ს და კანადის სამხედროების მიერ ცივი ომის დროს. 1950-იან წლებში შემუშავებული რაკეტა იყო მსოფლიოში პირველი ბირთვული ჰაერ-ჰაერი რაკეტა და შექმნილი იყო ბომბდამშენების განადგურებისთვის.
Seattle Times იტყობინება, რომ ის მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს წვრთნებისას – 1957 წელს. ასეთი რაკეტების წარმოება 1962 წელს შეწყდა, მაგრამ ისინი აშშ-ს არმიაში 1980-იანი წლების დასაწყისამდე დარჩა.