ბიტკოინის კურსმა 33 000$-ს გადააჭარბა და კვლავ იზრდება

ბიტკოინის კურსმა გუშინ დღის განმავლობაში რამდენჯერმე განაახლა მისივე ისტორიული რეკორდი. 2 იანვარს პირველად ისტორიაში ბიტკოინის ფასმა ჯერ 30 ათას დოლარს, შემდეგ კი 33 ათას დოლარს გადააჭარბა და კვლავ განაგრძობს ზრდას.

ბიტკოინის კურსის ზრდა დეკემბრის მეორე ნახევარში დაჩქარდა. სულ რამდენიმე კვირის წინ – 16 დეკემბერს კრიპტოვალუტის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 20 042 დოლარს გადააჭარბა. ერთი წლის მანძილზე ბიტკოინის ფასი, რომელიც წლის დასაწყისში დაახლოებით 7 ათას დოლარად ივაჭრებოდა, ოთხზე მეტჯერ გაიზარდა.

ბიტკოინის კურსის ზრდა გასული წლის მარტში – კორონავირუსის პანდემიასთან ერთად დაიწყო, მსოფლიოს საფონდო ბაზრების ჩამოშლისა და ნავთობის ფასის ვარდნის ფონზე.

ოქტომბერში კრიპტოვალუტის კურსის ზრდას ხელი შეუწყო საგადამხდელო სისტემა PayPal–ის განცხადებამ მისი მზადყოფნის შესახებ 2021 წელს კრიპტოვალუტა საგადამხდელო საშუალებად აღიაროს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში ბიტკოინი შეიძლება მკვეთრად გაუფასურდეს. თუმცა, მათი თქმით ამჟამად ძნელია პროგნოზირება რა იქნება ბიტკოინის კურსის ზრდის მაქსიმუმი.