ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქს გადადგომა მოსთხოვა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებში, უწყების თანამშრომელი ბიძინა ივანიშვილისა და პატრიარქის შეხვედრის შესახებ წერს.
დოკუმენტი 2021 წლის თებერვლით თარიღდება, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე და ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილს სატელეფონო საუბარში, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ესაუბრება და აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა ილია მეორეს გადადგომა მოსთხოვა, რის შემდეგაც, პატრიარქმა საუბრის ჩაწერა მოითხოვა, თუმცა ივანიშვილის თანხმობა ვერ მიიღო და საპატრიარქო დატოვა.
”უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან საუბრისას უარყოფითად აფასებს ტვ პირველის ეთერში გასულ ინტერვიუს, სადაც სუსი-ს უფროსის ყოფილმა მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა, ღიად ისაუბრა ციანიდის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე. ინტერვიუდან გამომდინარე, კაკაბაძე მიიჩნევს, რომ გოგაშვილი მოქმედებს პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან ერთად, რომელსაც სურს სრული გავლენის მოპოვება საპატრიარქოში. აღნიშნული მოსაზრების არგუმენტად უფლებადამცველი იხსენებს ფაქტს, როცა წარსულში პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, შეხვდა პატრიარქს, ილია მეორეს და სთხოვა, გადამდგარიყო, რათა შესუსტებული ყოფილიყო შორენა თეთრუაშვილის გავლენა და ეს უკანასკნელი ჩამოშორებოდა საპატრიარქოს არაფორმალურ მმართველობას.
კაკაბაძე ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ თეთრუაშვილის კარნახით შესთავაზა პატრიარქმა ივანიშვილს ხსენებული საუბრის აუდიოფიქსაცია, რათა ისტორიას დარჩენოდა მათი დიალოგი, თუმცა ივანიშვილმა უარი განაცხადა და დატოვა შეხვედრა.
მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილს ცუდი დამოკიდებულება აქვს ბიძინა ივანიშვილის მიმართ და უფლებადამცველთან საუბარში ის ხშირად მოიხსენიებს ივანიშვილს უარყოფითი სიტყვებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კაკაბაძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამიტომ მოიშორა ივანიშვილმა თეთრუაშვილთან ალიანსში მყოფი სოსო გოგაშვილი, რომელიც ახლა ტვ პირველის მეშვეობით ცდილობს, მმართველ გუნდს დაანახოს, რომ თუ მას შეეხებიან, ალაპარაკდება და სააშკარაოზე გამოიტანს უამრავ რამეს” .- წერია სუს-იდან გამოჟონილ ფაილში.