ქართული ოცნების ლიდერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფაქტიურად ისედაც სანქცირების რეჟიმშია, ევროკავშირის რეზოლუციას კი, რომელშიც ივანიშვილის სანქცირების შესახებ ჩანაწერი გაკეთდა, ევროკავშირთან საერთო არაფერი აქვს. ივანიშვილს კი სანქციებით ვერ შეაშინებენ და ეს არის “ფუჭად გასროლილი ტყვია“. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა.
“რამდენიმე დღის წინ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თუ არ ვცდები, ვიქტორ ყიფიანი საუბრობდა და მან განაცხადა ასეთი რაღაც, რომ დღესაც პრაქტიკულად ფაქტობრივი მოცემულობა ეს არის, რომ ანგარიში არის გაჩერებული, ორი თვეა გადარიცხვა არ კეთდება, ანუ პრაქტიკაში გამოდის, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა
როცა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა, პირველად მისი ეს პოლიტიკური ბიოგრაფია დაიწყო დაყადაღებით. დაუყადაღეს ანგარიშები, მერე სატელიტური თეფშები და ა.შ. დღესაც, იგივე ხაზის ადამიანები საუბრობენ იმავეზე, რომ უნდა დავუყადაღოთ, ჩამოვართვათ. 11 წლის თავზე ელემენტარული ხელწერა ვერ შეიცვალეს. იგივე მენტალიტეტით მოხდა ეს ჩანაწერი იმ რეზოლუციაში, რომელზეც ვსაუბრობთ. ვერ მოიშალეს ეს, რომ ადამიანს ანგარიში უნდა დაუყადაღო, ჯერ არც ადამიანის უფლებები აინტერესებს. ჩვენ მაგიტომ ვამბობთ, რომ ასეთ რეზოლუციას, ასეთ ჩანაწერებს ევროკავშირთან ზოგადად, საერთო არაფერი აქვს იმიტომ, რომ როცა ევროკავშირი ფუძნდებოდა პირველი, რაზეც ის დაფუძნდა, ეს იყო სწორედ სამართლიანობა, სიმართლე, ადამიანის უფლებები, პრინციპები და ღირებულებები.
როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ორგანოს, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასეთ ჩანაწერებს ვხვდებით იქ აშკარაა, რომ არაფერი აქვს საერთო ასეთ ტექსტებს იმ ღირებულებებთან, რომლებსაც დაეფუძნა თავის დროზე ევროკავშირი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.