ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაში წერია.
გამოქვეყნებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.
საფრანგეთის მთავრობის განმარტებით, წელს ეს ჯილდო იმ ადამიანებსაც გადაეცათ, რომლებმაც “კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს”.
ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებას ფრანგი მეცენატი, ფრანსუა პინო ულოცავს.
“ჩემთვის სასიამოვნოა ინფორმაცია თქვენთვის საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდების მონიჭების შესახებ, რაც გულწრფელად მიხარია და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ. ეს პრესტიჟული წოდება პატივს მიაგებს თქვენს სამაგალითო ბიოგრაფიას, თქვენი თავდადების ხარისხს დემოკრატიის სამსახურში და, ასევე, თქვენს სიყვარულს საფრანგეთისადმი. კიდევ ერთხელ გილოცავთ და, ასევე, საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ახალ წელსაც. მსურს, დაგარწმუნოთ ჩემი თქვენდამი დამოკიდებულების გულწრფელობაში”,- ნათქვამია განცხადებაში.
აქამდე ეს ტიტული მიღებული აქვს ვლადიმირ პუტინს, ილჰამ ალიევის მეუღლე მეჰრიბან ალიევას, მონიკა ბელუჩის, ელტონ ჯონს და სხვებს.