ბიჭის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელები ამბობენ, რომ კადრებში ისინი არ არიან – პროკურორი

ისნის მეტროსადგურში არასრულწლოვნის ცემის საქმეზე პროკურორი, ალექსანდრე ჩხეიძე ამბობს, რომ დაკავებული პოლიციელები ძალადობის ფაქტს უარყოფენ.

“ორივე ბრალდებულს მოცემული აქვს ჩვენება, დადასტურებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილითაც და თავად ბრალდებულებიც ადასტურებენ, ასევე, ყველა მოწმე ადასტურებს, რომ 23 იანვარს ისინი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას მეტროსადგურ ისანის შენობაში. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ორივე მათგანი უარყოფს აღნიშნულ ფაქტს. ჩვენ ვმორიგეობდითო, ჩვენ ვასრულებდით სამსახურებრივ მოვალეობასო, უბრალოდ ჩვენ არ ვართ კადრებშიო”, – ამბობს პროკურორი.

მისივე თქმით, დაზარალებულ არასრულწლოვანს სურდა, რომ ამოცნობის პროცესი ჩატარებულიყო, თუმცა ბრალდებულმა პოლიციელებმა ამოცნობაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორც სცემს მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს პოლიციელი.