”ჰამასი ამას ვერ გააკეთებდა, რომ არა ის მხარდაჭერა, რომელსაც ირანისგან წლების მანძილზე იღებდა” – ბლინკენი

ირანი ჰამასის ისრაელზე თავდასხმაში მის როლს უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებები მისი მისამართით უსაფუძვლოა. ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის, ნასერ კანანის განცხადებით, პალესტინელებს აქვთ საჭირო პოტენციალი და ნება თავისი ნაციის დასაცავად და საკუთარი უფლებების აღსადგენად თეირანის მხრიდან რაიმე მხარდაჭერის გარეშე.

გუშინ The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ჰამასს ისრაელზე შეტევის დაგეგმვაში ირანი დაეხმარა. გამოცემა ჰამასის მაღალჩინოსან წარმომადგენელზე და ირანის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი დაჯგუფების – ჰესბოლას წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ ჰამასს შაბათის მოულოდნელი თავდასხმის მომზადებაში და ამ თავდასხმას მწვანე შუქი აუნთეს წინა კვირას ბეირუთში გამართულ შეხვედრაზე.

გამოცემის ინფორმაციით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კურპუსის ოფიცრები აგვისტოში მუშაობდნენ ჰამასთან საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო შეჭრის გეგმის შესამუშავებლად.

ამასთან, ამერიკელი ოფიალური პირები ამტკიცებენ, რომ ჯერჯერობით არ გააჩნიათ ჰამასის გეგმასთან თეირანის კავშირის მტკიცებულებები. სიენენთან ინტერვიუში აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა:

  • ”ირანსა და ჰამასს შორის დიდი ხანია ურთიერთობები არსებობს და ჰამასი ამას ვერ გააკეთებდა, რომ არა ის მხარდაჭერა, რომელსაც ირანისგან წლების მანძილზე იღებდა. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯერჯერობით არ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ირანი ხელმძღვანელობდა ან იდგა ამ კონკრეტული შეტევის უკან. თუმცა, მათ შორის არის ხანგრძლივი კავშირი, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენი ადმინისტრაცია ბოლო წლებში იღებს ზომებს ირანის წინააღმდეგ და ტერორისტებისთვის მისი მხარდაჭერის წინააღმდეგ. ჩვენ დავასანქცირეთ 400–ზე მეტი ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირი სწორედ იმის გამო, რომ ისინი ჰამასის მაგვარ ძალებს ეხმარებიან”. – განაცხადა ბლინკენმა.