ბლინკენი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას აფერხებს–The New York Times

აშშ–ს სახელმწიფო მდიანი, ენტონი ბლინკენი არ არის დარწმუნებული რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების აუცილებლობაში, მიუხედავად აშშ–ს სენატის შესაბამისი რეზოლუციისა და გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსების მოწოდებისა.

ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times წერს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლინკენზე ხდება ზეწოლა, რომ მან ოფიციალურად აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ამჟამად ეს სტატუსი ჩრდილოეთ კორეას, სირიას, კუბას და ირანს აქვთ.

თუმცა, გამოცემის ინფორმაციით ბლინკენი ამას ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ ეს ნაბიჯი აიძულებს აშშ–ს სანქციები შემოიღოს ზოგიერთი მოკავშირე ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც საქმიანი ურთიერთობები აქვთ რუსეთთან, და გაანადგურებს დიპლომატიის ნარჩენებსაც კი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.

ამერიკის დიპლომატიური უწყების მეთაურმა განაცხადა, რომ აშშ–სა და სხვა ქვეყნების მიერ შემოღებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ “აბსოლუტურად შესაბამება იმ შედეგებს, რაც რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას მოჰყვებოდა, შესაბამისად, შედეგები პრაქტიკულად იგივეა“.

The New York Times წერს, რომ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს იარლიყი სანქციების გამკაცრებას გამოიწვევს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი რუსეთის ეკონომიკისთვის, კერძოდ კი სანქციებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მოსკოვთან ბიზნესს აწარმოებენ. ეს ასევე საშუალებას მისცემს მოქალაქეებს ამერიკულ სასამართლოებში უჩივლონ რუსეთის მთავრობას და პოტენციურად კომპენსაციები მიიღონ რუსეთის დაპატიმრებული სახელმწიფო აქტივებიდან.

ბაიდენის ადმინისტრაციასა და კონგრესს შორის აზრთა სხვადასხვაობა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ იმ დისკუსიას გავს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებისას მიმდინარეობდა, როცა გამოჩნდა რუსეთის სიმხეცის დამადასტურებელი პირველი მტკიცებულებები, და კონგრესის ლიდერებმა ნენსი პელოსის ჩათვლით რუსული არმია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულეს. თავად ბლინკენი უფრო ფრთხილი იყო და იურიდიულ კრიტერიუმებზე, ასევე გამოძიების და მტკიცებულებების აუცილებლობაზე საუბრობდა.