შაბათი, 4 მაისი , 2024, 20:18

ბოდიში, შეიძლება რაღაც დავაკელი, მზად ვარ მე-2 ტურისთვის – კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის თქმით, მზად არის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად.

ის ამომრჩეველს ბოდიშს უხდის, რადგან, მისი თქმით, “შეიძლება რაღაც დააკლო”.

“პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა. დღეს არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგი – პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, ხმების გაყოფამ თუ სხვამ. მე პატივს ვცემ ამომრჩეველთან ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესში ყველა საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ, ვიმეორებ, მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების თანადგომით, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს.

ამ დროისთვის ცესკომ უბნების 57.87% დათვალა. ნიკა მელიას 34.21% აქვს, ხოლო კალაძეს 45.31%. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.