ბოიკოტი დამღლელია – კობახიძე ზურაბიშვილის დაღლის მიზეზს ასახელებს

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის დაღლას იმით ხსნის, რომ 2 წელი პარლამენტმა ბოიკოტს რეჟიმში იმუშავა და ახლაც ასე აგრძელებს.

ამასთან, კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ყველა “ჯანსაღი ოპოზიციური პარტია” იქნება წარმოდგენილი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში.

“მე ასე გავიგე, რომ პრეზიდენტი ამბობს იმას, რომ ხალხი დაიღალა ერთ წრეზე ტრიალით, ორი წელი გავატარეთ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში, დღესაც არის ბოიკოტი, ეს ბუნებრივია, დამღლელია და ეს დამღლელი ვითარება უნდა შეიცვალოს ისეთი ვითარებით, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას წაადგება”,– ამბობს კობახიძე.

ის იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციის “ჯანსაღი” ნაწილი პარლამენტში შევა, ხოლო მისი აზრით, “არაჯანსაღების” ადგილი პარლამენტში არ არის.

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში. აქ ზღვარი უნდა გაივლოს – არიან პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც ექვემდებარებიან გვარამია – სააკაშვილი- ბოკერიას ბულინგს, რაც არის ამაზრზენი მოვლენა. როგორ შეიძლება ვინმე, ვინც ჯანსაღად თვლის თავს, ექვემდებარებოდეს გვარამიას, ბოკერიას ან სააკაშვილის ბულინგს – ამ არაჯანსაღი პოლიტიკოსების ბულინგს. ასეთი პოლიტიკოსებიც არიან და სხვანაირებიც არიან. რა თქმა უნდა, პირველ შემთხვევაში, მათი ადგილი პარლამენტში და პოლიტიკაში არ არის, რაც შეეხება ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, ისინი უნდა შემოვიდნენ პარლამენტში”, – განაცხადა კობახიძემ.