ბოიკოტს ვერ შეცვლის იაგოს გირჩი და ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში – უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი ქართული ოცნების სახელით “დასისინობს” და “ბჟუტურებს ეთერ–ეთერ”.

მისი თქმით, პარლამენტში “შესვლა–გამოსვლის” საკითხი დამთავრებულია, ხოლო ვისაც შესვლა უნდა, შევიდეს.

“აგერ ელისაშვილს ან იაგოს “გირჩს” უნდათ?! – შევიდნენ. “გირჩი” რომ ამბობს, შევა “ნაციონალური მოძრაობა” და მერე შევალთ ჩვენო, აქაც ხომ ვირეშმაკობას აქვს ადგილი?! “ნაციონალურმა მოძრაობამ” რა უნდა გააკეთოს ამისთანა? – დაწერა 36-ვე კაცმა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე და “გირჩმა” რატომ არ დაწერა განცხადება?! ელოდებიან, სანამ “ქართული ოცნება” ამ დაწერილ განცხადებებს უყრის კენჭს, ესე იგი, ელოდები “ოცნებას”, “ოცნებამ” ეს გადადო – ესე იგი, მოგცა დრო აქ წყალი აამღვრიო, აქ წყალს ვერ აამღვრევ. ეგ არის ამ საცოდავების მანევრი, ეს არის ამათი ტვინი”,– ამბობს უგულავა პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე განცხადებით, ელისაშვილი დღეს “ქართული ოცნებაა” და “მზე ამოდის ბოკერიას გინებით და ჩადის უგულავას გინებით და ახლა “ლელო” და ა.შ.”.

“სპოილერია ეს კაცი და ვისაც სპოილერობა უნდა – წავიდეს, განგრენას სჯობს მოიკვეთო ფეხი, თუ მთელი სხეული შეიძლება დაგიზიანოს ანუ ის ოპოზიციას ვეღარ და აღარ წამოადგენს და ღმერთმა ხელი მოუმართოს, ამიტომ ეს დამთავრდა, ეს შესვლა-არ შესვლის საკითხები. ჰგონიათ, ახლა ვახო მეგრელიშვილს ან იოსელიანს რომ გაუგზავნიან ვიღაცებს, ამით რაღაცას შეცვლიან. დავამთავროთ მეგობრებო იმიტომ, რომ თქვენ ქვეყანა გაბარიათ და ქვეყანა უნდა მართოთ და ეს ქვეყანა არის კრიზისში. ვისაც უნდა შევიდეს, რეალური ბოიკოტი შემდგარია და ამას ვერც “გირჩი 2” შეცვლის და ვერც ელისაშვილის ერთი ადგილის თამაში”, – განაცხადა უგულავამ.