“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ეხმიანება სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომელმაც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ოპოზიციის შეხვედრა გაიხსენა.
სამადაშვილის მტკიცებით, შეხვედრაზე ბოკერიამ, დეკანოიძემ და რამდენიმე ლიდერმა ლანდსბერგის ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა მეტის მიღწევა ოცნებასთან მოლაპარაკებებში, რაზეც ლანდბერგისმა “ნახევრად ირონიულად უპასუხა, რას ელოდებოდით, ბაიდენი ჩამოვიდოდა თქვენი შიდა კრიზისის მოსაგვარებლადო?”.
ბოკერიას აზრით, სამადაშვილი “იაფფასიანი ილეთებით ცდილობს თავის გამართლებას”, შეხვედრებიდან ამბების ფრაგმენტულად გამოტანა კი არ შეიძლება.
“ქალბატონი სალომე ყველაზე უფრო არაკორექტულად იქცევა, იმიტომ, რომ მორალურად გრძნობს თავს წნეხის ქვეშ, იცის, რომ მტყუანია და იაფფასიანი ილეთებით ცდილობს თავის გამართლებას. მე საერთოდ არ მოვყვები, ძალიან არაკორექტულია ასე მოყოლა, შემიძლია, სხვა რაღაცის მოყოლა დავიწყო ქალბატონ სალომეზე და არ შეიძლება ასეთ შეხვედრებთან დაკავშირებით ასე ფრაგმენტულად ამბების გამოტანა. თუმცა, ეს მის პოლიტიკურ ზნეობაზე მიუთითებს”. – ამბობს ბოკერია პალიტრანიუსის ეთერში.
მისივე თქმით, ხელმომწერებმა უნდა ახსნან, რატომ მიაჩნიათ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა სწორ გადაწყვეტილებად.
“წინა დოკუმენტზეც თქვა დანიელსონმა, რომ ეს ბოლოა და დათანხმდითო. ჩვენ ჩვენი ფუნდამენტური შეხედულება გვაქვს, ვის ექნებოდა პრობლემა – მთავრობას, რომელსაც ჰყავდა ციხეში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და რომელსაც ჰქონად ბოიკოტი პარლამენტში.
ეს წნეხი უნდა გაგრძელებულიყო მანამდე, სანამ იმ ტიპის შედეგს არ მივიღებდით, რომელიც გააძლიერებდა საზოგადოების პოზიციას ამ ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში. ამან ეს ვერ შეძლო და ამის ნაცვლად ასეთი იაფფასიანი მეთოებით საკუთარი პოზიციის დაცვა, იმის ნაცვლად, რომ ახსნა, რატომ მიგაჩნია ეს სწორად. როგორც კი პოლიტიკოსი არგუმენტების მაგივრად იწყებს ლაპარაკს, რომ “იმანაც ეს თქვა”, ეს ნიშნავს, რომ სათქმელი არ აქვს”. – აცხადებს გიგა ბოკერია.