ბოლნისელ 19 წლის ფეხმძიმეს და მის დედას კორონავირუსი დაუდასტურდათ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრებ 19 წლის ფეხმძიმეს და მის დედას COVID-19 დაუდასტურდათ. ისინი საველე ჰოსპიტალში იყვნენ მოთავსებული.

ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, დედა-შვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

,,საველე ჰოსპიტალში 31 მარტის მდგომარეობით 2 ადამიანის დასკვნას ელოდებოდნენ. საერთო ჯამში, საველე ჰოსპიტალში 17 ადამიანია მოთავსებული. გუშინ, 38 გრადუსი ტემპერატურით იყვნენ დედა-შვილი, ქალბატონები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისიდან, რომელთაც დღეს სამწუხაროდ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. 19 წლის ქალი ორსულია. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს“, – ამბობს რეხვიაშვილი.

ლევან რატიანის განცხადებით, ორსულის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 13 ადამიანს დაუდგინდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი.