ბოლნისის სოფლები ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი ხატისოფელი და მუშევანი ჩაიკეტა. ამის შესახებ  ბოლნისის მუნიციპალიტეტი აცხადებს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 80 შეადგინა, მათგან 19 ახალი შემთხვევაა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 პირი განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.

„ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, სოფლები – ხატისოფელი და მუშევანი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლების ჩაკეტვის გადაწყეტილება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

ხატისოფლისა და მუშევანის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ხატისოფლისა და მუშევანის გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად უკვე გამოცხადდა ქალაქი ბოლნისი, სოფლები: რაჭისუბანი, ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას“, – ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.