“ბოლნისში ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო” – ამის შესხებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო. ამჟამად ახალი შემთხვევა ორ სოფელში დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, ბოლნისი ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტია და ამიტომ, სერიოზული ღონისძიებები ტარდება-ჩაკეტილია ბოლნისი, კარანტინია გამოცხადებული, ასევე შესვლა-გამოსვლა აკრძალულია. ბოლნისში მარნეულის შემდეგ, გეგმური, ე.წ. გაფართოებული ტესტირება ჩავატარეთ. გუშინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ჩატარდა ასეთი გაფართოებული ტესტირება, ზოგიერთი კვლევა ახლაც მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. 15 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 7 – ერთ სოფელში და 8 – მეორეში. მთლიანად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ისეთი კვლევის ჩატარება გვინდა, რომელიც შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპზე არის დამყარებული. ანუ, ბოლნისის მოსახლეობის შემთხვევითი შერჩევა მოხდება გარკვეული კრიტერიუმით-ეპიდემიოლოგიურითა და სტატისტიკურით. ვფიქრობთ, არ გადავდებთ და მომდევნო კვირაში ამ კვლევას ჩავატარებთ. ახლა სწორედ შერჩევა სრულდება. ანუ, რამდენი ადამიანი იქნება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკვლეული, რომელიც მოგვცემს იმის შესახებ ინფორმაციას, თუ რა ხდება მთლიანად მუნიციპალიტეტში“,-განაცხადა გამყრელიძემ.
წყარო: Interpressnews.ge