ბოლნისში სოფელი სავანეთი დაიკეტება, ამოქმედდება საკარანტინო რეჟიმი – შოთა რეხვიაშვილი

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გაზრდილი რისკების გამო ბოლნისში, სოფელი სავანეთი გადაიკეტება და კარანტინი გამოცხადდება.

რეხვიაშვილის ინფორმაციით, ბოლნისში კორონავირუსის კიდევ ორი ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის ერთ-ერთი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის ექიმია. საერთო ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 20 დადასტურებული შემთხვევაა.

,,ბოლნისში, სოფელ სავანეთთან დაკავშირებით გაზრდილი რისკები იყო, ჩვენ მდგომარეობა განვიხილეთ და დღეს უკვე შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ სავანეთი გადაიკეტება და სოფელში განხორციელდება საკარანტინო რეჟიმი. 38 სამედიცინო პერსონალი იყო დაკვირვების ქვეშ. ისინი არიან მკაცრი კარანტინის სივრცეებში გადანაწილებული. მათგან როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთ ექიმს დაუდასტურდა და ექვსთან გარკვეული სიმპტომების გამო აღებულია საკვლევი მასალა და ველოდებით პასუხს“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, მკაცრი კარანტინი გამოცხადებულია მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, თუმცა უშუალოდ ქალაქში გადაადგილება ნებადართულია.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 306 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.