ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან სამი სამედიცინო პერსონალის თანამშრომელია.
მისი ინფორმაციით, რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების სულ 50 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 8 გამოჯანმრთელდა, ერთი – გარდაიცვალა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე გვაქვს 8 დამატებული ფაქტი სამედიცინო პერსონალის კლასტერიდან. გუშინ გითხარით, რომ 34 ადამიანს, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, საკვლევი მასალა აუღეს. მათგან და მათი ოჯახის წევრებიდან 8 ფაქტი დადასტურდა, რომელთაგან ხუთი ოჯახის წევრია და სამი ადამიანი – ორი ექთანი და ერთი ექიმი – სამედიცინო პერსონალიდან ახალი ფაქტია. ჯამში, რეგიონში კორონავირუსის 50 დადასტურებული ფაქტი გვაქვს, აქედან 8 გამოჯანმრთელებულია და ერთი გარდაცვლილი,“- განაცხადა რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. გუშინ მკაცრი კარანტინი გამოცხადდა ბოლნისის სოფელ სავანეთში.
ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირეის 336 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.