ბოლნისის მუნიციპალიტეტშისაქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის კუთვნილი, Su-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა – შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. როგორც ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, დიმიტრი მოდებაძემ განაცხადა, ვარდნისას პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო.
„ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზეა ჩამოვარდნილი, სამხედრო ბაზის მიმდებარედ… აღნიშნულ ტერიტორიაზე საპარაშუტო სწავლებაა, მაგრამ ეს კონკრეტული სუ არ ემსახურებოდა ამ საქმეს. არ ვიცი, რა სწავლება იყო. გარდაცლილია, ვინც მართავდა. სუ-ს მართავდა და დიდი ალბათობით, სამხედრო იქნებოდა. აფეთქება მოხდა, არის გარდაცვლილი, რომელმაც ვერ მოასწრო კატაპულტირება. დააახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა“- განაცხადა ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, დიმიტრი მოდებაძემ.
ინფორმაციას ადასტურებს, თავდაცვის სამინისტროც:
“მიმდინარე წლის 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს“ – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.