ბოლომდე! – დღეს, 16 საათზე თბილისის შესასვლელთან, სავაჭრო ცენტრ “თბილისი მოლთან” საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 2 თებერვალს, უწყვეტი პროტესტის 67 -ე დღეს,  16 საათზე, თბილისის გასასვლელის გადაკეტვა იგეგმება. მოქალაქეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ – ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.

„გვინდა გავაკეთოთ მკაფიო განმარტება ხვალინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

ხვალ, 2 თებერვალს, 16:00-ზე ვიკრიბებით თბილისი მოლის მიმდებარედ, მარშების გაერთიანების გზით დავიკავებთ ტერიტორიას და რამდენიმე საათით გადავკეტავთ დიღმის გზას. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრნი, რაც იქნება წარმატებული პროტესტის საწინდარი!

ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ პროტესტი არის სახალხო, მძლავრი და უკომპრომისო და თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, ის კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და მრავლისმომცვლელი გახდება!

ვთვლით, რომ მიზანი ახლაც ნაწილობრივ მიღწეულია. არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს სრული პანიკა აქვთ. მოქალაქეთა დაშინების მიზნით ავრცელებენ ინფორმაციას დასაკავებელთა სიების შესახებ, სახლებში უვარდებიან და აკავებენ აქტივისტებს, ადგილზე ამონტაჟებენ კამერებს, ცდილობენ შეკრების ადგილების კიდევ უფრო შეზღუდვას. ჩვენი უკომპრომისო ბრძოლით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ დაშინებია მცდლობები მხოლოდ გვაძლიერებს. ეს შეკრებაც იქნება მკაფიო მესიჯი რეჟიმისთვის, რომ მზად ვართ კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გავიყვანოთ პროტესტი!

ვითხოვთ რეჟიმის ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ვითხოვთ ახალ არჩევნებს!

შევხვდებით 2 თებერვალს. 16:00-ზე თბილისი მოლთან!”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2 თებერვალს „თბილისი მოლთან” დაგეგმილ აქციას და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან.