“წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულებების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე” – ასე ეხმაურება, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ”ოცნებიდან” წასული დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის წერილს.
“წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულებების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე. ნამდვილად არ ესმის მას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქართველ ხალხს, მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმადაა შექმნილი. მაგალითად, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი და აქვთ კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვან ყველა ქართველი მოქალაქის უფლება. ნებისმიერი დემოკრატიისთვის საშიშია, როდესაც ამგვარად ხდება დამოუკიდებელი ინსტიტუტების ძირის გამოთხრა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ საკითხზე, რომელიც უკვე მრავალჯერ ითქვა, რომ არის ტყუილი. შეერთებულ შტატებს და ევროპას არ სურთ, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაითრიონ. ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს და ის დასრულდეს. შტატები მუშაობს მშვიდობისთვის და მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისაც აქვს მშვიდობისთვის მუშაობის და ძალისხმევის გაწევის სურვილი.
ვფიქრობ, პრემიერმინისტრმა ნატოს სამიტზე კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისკენ. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ ქართული ოცნების ყოფილი წევრების ნარატივი რატომღაც ძალიან ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს, რომლებიც იმეორებენ დეზინფორმაციას. ჩემი შეკითხვა იქნება: რა არის მათი მოტივი, როდესაც იმეორებენ ტყუილსა და ცრუ ინფორმაციას”, – თქვა დეგნანმა.