დღეს აზოვის პოლკის მებრძოლების ცოლებმა პრესკონფერენცია გამართეს და აზოვსტალში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს. ერთ-ერთი ჯარისკაცის მეუღლემ თქვა, რომ მარიუპოლის მცველები ბოლო ბრძოლისთვის ემზადებიან.
“ზემოთ თითქმის არასდროს ამოდიან, მხოლოდ საკვებისა და წყლის საპოვნელად. უმეტესად ბუნკერში სხედან. განწყობა უკვე საკმაოდ პესიმისტურია, რადგან გადარჩენის იმედი თითქმის არ არის. ბოლო ბრძოლისთვის ემზადებიან, რადგან ამ საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის არ სჯერათ, ვინაიდან, მოლაპარაკებების მიუხედავად, ყოველდღიურად ბევრი ადამიანი იღუპება, დაჭრილები კი იტანჯებიან”,– განაცხადა მან Unian-ის ცნობით.
კიდევ ერთი მებრძოლის ცოლმა თქვა, აზოვსტალში სამხედროებს საჭმელი ძალიან ცოტა დარჩათ, ხოლო დღეში ერთ ჭიქა ტექნიკურ წყალს სვამენ. მან აღნიშნა, რომ ქმარს რამდენიმე საათის წინ ესაუბრა.
მებრძოლების მეუღლეებმა განაცხადეს, რომ სჯერათ უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ სამხედროების გადასარჩენად.