ბოლო შანსია, რომ ამ ნეგატიური პოლიტიკური სპირალიდან გამოვიდეს ქვეყანა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, უნდა მოაწერონ ხელი არა საკუთარი პარტიული გათვლებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.ეს პრაქტიკულად ბოლო შანსია, რომ ამ ნეგატიური პოლიტიკური სპირალიდან გამოვიდეს ქვეყანა. ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს, დასავლეთიდან ამას დიდი ხანია გვეუბნებიან, საზოგადოების განწყობაც ასეთია.მე ვხედავ აქ კომპრომისს. მოლაპარაკების მაგიდაზე 2 ძირითადი საკითხი იდო. პრაქტიკულად, ერთი არის პატიმრებთან დაკავშირებული საკითხი და ამ შეთანხმებით თითქოს, ეს წყდება, ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული კომპრომისიც მისაღებია. ჩემთვის გაუგებარია ის რიტორიკა, რაც ოპოზიციისგან მესმის, რომ თურმე ადგილობრივ არჩევნების შედეგებზე ამის მიბმა არ შეიძლება.თუ კამპანია იქნება ნორმალურად ჩატარებული, ყველას კარგად ესმის, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიაღწია წარმატებას და დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები, ისინი რიგგარეშე არჩევნებსაც პირწმინდად წააგებენ. ვერ ვხედავ პრობლემას, რის გამოც ოპოზიციამ კიდევ უნდა გააგრძელოს ვაჭრობა. ამ 3 %-ზე ვაჭრობაც არ მიმაჩნია რელევანტურად.გულდასაწყვეტია, რომ ამ კომპრომისის მიღწევა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყო შესაძლებელი, ამ მონოლოგების კაკაფონიას რომ გაცდენოდნენ მხარეები და ეს ყველაფერი რეალურ დიალოგში გადასულიყო. ეს დრო დაიკარგა მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“,-აცხადებს ხუხაშვილი.