ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ქართულო ოცნების ინიცირებულ რეპრესიულ კანონებს გამოეხმაურა.  ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში დამოუკიდებელი მედიის 11 წარმომადგენელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი 25-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მკაცრად გმობს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მასობრივ დევნასა და დაკავებებს და აღნიშნულს მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებად, ასევე თავისუფალი სიტყვის ჩახშობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს.”

ორგანიზაცია მკაცრად გმობს დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის დევნას და რეპრესიულ კანონებს.

აღნიშნულ განცხადებაში ასევე ნახსენებია ბოლო 10 დღეში დაკავებული ჟურნალისტები:

• ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია. მოსამართლემ მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მან საპატიმრო უკვე დატოვა.
• ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი. 5-დღიანიადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, მან საპატიმრო უკვე დატოვა.
• ტელეკომპანია „ფორმულას“ სოციალური მედიის მენეჯერი, ცირა ჟვანია. მას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.
• ჟურნალისტი ირაკლი წულაია. მოსამართლემ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
• „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი და ჟურნალისტი – ლიკა ბასილაია-შავგულიძე. მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.
• აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
• „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტი და წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.
• ჟურნალისტი მაიკო ბოკერია. იგი 5 000-ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. მაიკო ბოკერია მეუღლესთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად დააკავეს.
• ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და რეჟისორი, გიორგი ლიფონავა. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მან იზოლატორი უკვე დატოვა.
• მწერალი, რედაქტორი და ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი, ზვიად კვარაცხელია. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფერდეს. კვარაცხელიამ იზოლატორი უკვე დატოვა.
• ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროების“ ოპერატორი, ნიკა პატარაია. მას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ასევე, 24 ოქტომბერს, შინაგან საქეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ონლაინგამოცება „პუბლიკას“ ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს. გათავისუფლებისას, მას უთხრეს, რომ იგი სხვა პირში აერიათ.