სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ეხმიანება სასულიერო პირებზე გავრცელებულ მასალებს. მისი თქმით, ამის “ორგანიზატორმა” უგულებელყო სახელმწიფო ინტერესები, “ეკლესიის და უწმინდესის ავტორიტეტი და თავის მიზანს, გაანადგუროს ის და ამავდროულად დაშალოს ოცნება, გადააყოლა ყველა მთავარი ეროვნული ღირებულებები”.
გოგაშვილის განცხადებით, სისტემაში ყოფნისას დარწმუნდა, რომ “საშიში ბოლშევიკური სისტემის მეთოდები კვლავ მოქმედებს და ეს ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა”.
“ამიტომ ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს! ყველა მოქმედი, თუ მომავალში შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია და მთელი სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს ამ ბოროტების ტყვეობისგან.
მაგრამ სისტემის დანგრევას არ უნდა შესწირო შენი ქვეყანა. მე ვიმეორებ ვიწყებ, ამ მახინჯი კედლის დაშლას, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაბან წყალს ბავშვი არ გადაყვება. დასანგრევი დაინგრევა და ჭუჭყი ჩაირეცხება. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა! უნდა მოხდეს ბოროტების მანქანის დემონტაჟი და არა სტიქიური მსხვრევა, რაც საქართველოს მტრებს მეტად გააძლიერებს”,– წერს გოგაშვილი.
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე აღნიშნავს, რომ მუშაობს იმის დასადგენად, ვინ განახორციელა ეს “ტერორისტული აქტი”.
“დიახ ეს არის უდიდესი მაშტაბის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართულია მთელი საზოგადოების წინააღმდეგ. ჩემთვის პირადად საკმარისი ინფორმაცია მაქვს რომ 90% ალბათობით ვიცოდე საიდან მოდის ეს, მაგრამ დრო მჭირდება და ავწევ ვერსიის რეალობის დონეს”,– წერია გოგაშვილის განცხადებაში.
ის მედიას მიმართავს, ამ ამბავს სიფრთხილით მოეკიდონ და მაქსიმალური მოქალაქეობრივი და მორალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.
ცნობისთვის, 2 დღის წინ გავრცელდა ათასობით ფაილი, რომელიც სასულიერო პირების მოსმენის შესახებ დოკუმენტებს მოიცავს. ფაილები სავარაუდოდ სუს-ის ერთერთმა თანამშრომელმა მედიასაშუალებების დაუზავნა. ჩანაწერებში საუბარია მაღალი სასულიერო იერარქების პირად ცხოვრებაზე, მათ ურთიერთობებზე, ქონებაზე, სხვადასხვა პირებთან კომუნიკაციაზე და სხვა მრავალ საკითხზე.