შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მინისტრის პოსტზე თითქმის 4-წლიანი მუშაობის პერიოდს აჯამებს.
ამასთან, მინისტრის შეფასებით, კონფლიქტების დარეგულირების კუთხით მთავარი შედეგია ისიც, რომ ბორდერიზაციის მიუხედავად, „ჩვენ გვაქვს მშვიდობა“.
„ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, რთული, მაგრამ პროდუქტიული წლები იყო. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი იყო ალბათ, ერთი ცხოვრებისთვის ასეთ სფეროში სამუშაოდ, რომელიც მართლა ძალიან საპატიოა, ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას მოითხოვს და სამსახურზე მეტიც კია. აუცილებელია შინაგანი რწმენა იმის, რასაც აკეთებ. მე მართლა მჯერა, რომ ეს შედეგები მიღწეული იქნება. ამ რთულ გზაზე ჩვენ გარკვეული და ძალიან კონკრეტული შედეგები უკვე დავდეთ.
ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც შეიძლება ხშირად არის აღქმული, როგორც მოცემულობა, ესაა, ის, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა. პირობითია ეს მშვიდობა, როცა ბორდერიზაცია მიდის, პროვოკაციებია, მაგრამ ჩვენ გვაქვს მშვიდობა და ეს არ არის ჩვეულებრივი რამ, როცა ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში. ეს არ არის ჩვეულებრივი მოცემულობა, როცა ყოველთვიურად და კვირეულად სხვადასხვა სახის პროვოკაციაა ჩვენს ტერიტორიაზე, იქნება ეს მავთულხლართების გაბმა თუ ამ წლების განამვლობაში ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა, დაკავებები, ეს არის მუდმივად პროვოცირება და ესკალაცია. როცა ხდება ამ პირობებში მშვიდობის შენარჩუნება, ეს არის შრომის შედეგი, პოლიტიკის შედეგი და ეს შედეგი უნდა დავინახოთ.
მეორე – ქვეყანას ეძლევა წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ, კონფლიქტის მოგვარებისთვის გასაღებია. აუცილებელი და ძალიან კონკრეტული შედეგი არის ის, რომ მავთულხლართები მაგრდება, იგება, თუმცა კონტაქტები მაინც იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს მავთულხლართების აგებას, ე.წ. გადასასვლელებს კეტავს და საერთოდ ამოქოლა ცხინვალის რეგიონი, კონტაქტები მაინც იზრდება. ეს არის ძალიან კონკრეტული შედეგი. ამის ერთ-ერთი მიზეზი კონკრეტული, კომპლექსური და ხელშესახები სამშვიდობო გეგმაა. ის არამხოლოდ სურვილებსა და დეკლარაციებს გამოხატავს, არამედ რეალურად კანონით გეუბნება, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მოგვარება გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გზით. ასევე, განათლების უკეთესი შესაძლებლობლების მიწოდებით და სხვადასხვა სერვისისა და სიკეთის გაზიარებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებისთვის“, – აცხადებს ციხელაშვილი.