ბორელი: სუსტი პუტინი ევროკავშირისთვის მეტ რისკს ნიშნავს

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი ხოსეპ ბორელი თვლის, რომ პრიგოჟინის აჯანყებამ შეასუსტა კრემლის ძალაუფლება და ევროკავშირი უფრო დიდი რისკებისთვის უნდა მოემზადოს რუსეთში უფრო დიდი არასტაბილურობის გამო.

„ცხადია, პუტინი ამ კრიზისიდან უფრო სუსტი გამოდის. მაგრამ სუსტი პუტინი ასევე დიდი საფრთხეა. ამიტომ, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიგოთ შედეგები… პუტინმა დაკარგა მონოპოლია ძალის გამოყენებაზე და, უდავოდ, არასტაბილური რუსეთი დიდი რისკია“, – განაცხადა ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ.

“ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ბორელი ვარაუდობს, რომ პუტინი მალე დაიწყებს ბრძოლას იმ ადამიანებთან სისტემის შიგნით, რომელთა ლოიალობაში მას ეჭვი ეპარება.

საგარეო საკითხებში ევროკომისრის თქმით, მთავარია გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა, ამიტომ ის ლიდერებს სთხოვს გააგრძელონ ევროპის მშვიდობის ფონდის დაფინანსება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, აფინანსებს უკრაინის სამხედრო დახმარებას.

„ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების ვალდებულებებზე. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გრძელვადიანი უნდა იყოს… ომის დროს და ომის შემდეგ“, – თქვა ბორელმა.

„ამიტომ, ევროპის მშვიდობის ფონდი უკრაინისთვის, შესაძლოა, გახდეს უკრაინის თავდაცვის ფონდი – უნდა გაგრძელდეს სწავლება, უნდა გაგრძელდეს არმიის მოდერნიზაცია“, – განაცხადა მან.