დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონოსონმა ბრიტანელებს მიმართა და კორონავირუსის მეორე აფეთქების მაქსიმალური რისკის შესახებ გააფრთხილა, თუ კარანტინი მეტისმეტად სწრაფად მოიხსნება.
ჯონსონმა კორონავირუსული ინფექციის გართულებისა და რეაბილიტაციის შემდეგ დღეიდან მუშაობას იწყებს.
საზოგადოება და ბიზნესი ხელისუფლებისგან საყოველთაო იზოლაციის რეჟიმიდან გამოსვლის და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების გეგმას ელის.
დაუნინგ სთრითის რეზიდენციის წინ სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა ბრიტანელებს მადლობა გადაუხადა ერთიანობისა და სიმტკიცისთვის, რომლებიც მათ ეპიდემიის დროს გამოავლინეს.
პრემიერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა კოვიდ19–თან ბრძოლის პირველი ამოცანა – ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვისგან დაცვა შეასრულა.
ის საზოგადოებას არწმუნებს, რომ ყველაზე უკეთ ესმის რა ზიანს აყენებს კარანტინი ეკონომიკას, თუმცა ახლა პირველი რიგის ამოცანაა საყოველთაო იზოლაციის მიღწევების შენარჩუნება და დაავადების მეორე ტალღის თავიდან აცილება.
“მოთოკეთ თქვენი მოუთმენლობა“– მიმართა ჯონსონმა ბიზნესების მფლობელებს.
მისი განცხადებით გადაწყვეტილება კარანტინიდან გამოსვლის შესახებ ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციით მიიღება და მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.
დღეს პრემიერი უკვე კაბინეტის სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ეპიდემიასთან ბრძოლას მიეძღვნება. შეხვედრებს გამართავს ზოგიერთ მინისტრთან და სხვა ჩინოვნიკებთანაც.
ჯონსონი დაუნინგ სთრითის 10 ნომერში, საკუთარ რეზიდენციაში კვირას საღამოს დაბრუნდა.
მას კორონავირუსის დიაგნოზი მარტის ბოლოს დაუსვეს. ერთი კვირა ლონდონის წმინდა თომასის საავადმყოფოში გაატარა, საიდანაც სამი ღამე რეანიმაციაში იყო. საავადმყოფოს დატოვების შემდეგ კი ორი კვირა ქალაქგარე რეზიდენციაში გაატარა. მის მოვალეობას დროებით საგარეო საქმეთა მინისტი, დომინიკ რააბი ასრულებდა.