ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში მცხოვრები 45 წლის კაცი, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. ასევე ადასტურებს ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.
გორმედის კლინიკური დირექტორის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კაცს ვირუსი დაუდასტურდა, იგი შესაბამისი მკურნალობისთვის თბილისში გადაიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ყირიმ–კონგოს დიაგნოზით, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში სამცხე–ჯავახეთიდან ორი პაციენტია მოთავსებული.
„საშუალო სიმძიმის არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უტარდებათ მკურნალობა და უახლოეს პერიოდში, როგორც კი გაუმჯობესდება მათი მდგომარეობა, მკურნალობას გააგრძელებენ ბოქსირებულ განყოფილებაში“,–აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.
მიმდინარე, 2022 წელს, სამცხე–ჯავახეთში, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაცვლილთა რაოდენობა ორამდე გაიზარდა.
სოფელ საკირეში მცხოვრებ 1977 წელს დაბადებულ კაცს ინფექცია პირველ აგვისტოს დაუდასტურდა. ამავე დღეს, ვირუსი დაუდასტურდა სოფელ წყრუთში მცხოვრებ ორ ადამიანს. მათგან ერთი 1959 წელს დაბადებული ქალია, მეორე კი 1956 წელს დაბადებული კაცი.